როგორც ცნობილია, სასათბურე წარმოება – სოფლის მეურნეობის აქტიურად მზარდი სეგმენტია და სულ უფრო აქტუალური ხდება იმპორტის ჩანაცვლებისა და კლიმატის ცვლილებისადმი მიწათმოქმედების ადაპტაციის კონტექსტში.
პროექტის ფარგლებში საკმაოდ ბევრი სათბური დაფინანსდა, ამიტომ საინტერესო იყო აღნიშნული მიმართულების განვითარების ზოგადი ასპექტები. ამასთან დაკავშირებით გავესაუბრეთ პროექტის რამდენიმე ბენეფიციარს, რომლებიც მესათბურეობით არის დაკავებული.
პირველ რიგში, გვაინტერესებდა, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ბიზნესი, როგორც შემოსავლის წყარო. ყველა რესპონდენტებმა აღნიშნა, რომ სასათბურე მეურნეობა მათთვის გახდა ძირითადი თუ არა, არსებითი შემოსავლის წყარო. მართლაც, თვეში საშუალოდ 400 ლარი – ოჯახის ბიუჯეტისთვის კარგი დანამატია.
მცირე სათბურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა მისი მოქნილობა. მიუხედავად იმისა, რომ მცირე მესათბურეები კონკურენციას ვერ უწევენ მსხვილ კომპლექსებს პროდუქტის მოცულობის და საბაზრო გავლენის თვალსაზრისით, მათ თავისი უპირატესობები გააჩნიათ. მსხვილი სათბურები, როგორც წესი, ორიენტირებული არიან მწვანილზე, კიტრსა და პომიდორზე. აქედან გამომდინარე, წვრილ მესათბურეებს კარგი პერსპექტივები აქვთ ისეთი პროდუქტების წარმოებისთვის, რომელიც მსხვილი მეურნეობებისთვის საინტერესო არ არის: ბადრიჯანი, წიწაკა, ბროკოლი, სალათი, ზოგიერთი ჯიშის პომიდორი, მარწყვი, ყურძენი და ა.შ. ამ პროდუქტებზე ყოველთვის საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა.
ფერმერების თქმით, მათი პროდუქციის განმასხვავებელი ნიშანია ნატურალური გემო და სურნელი. უპირატესობაა ისიც, რომ მათ არ ჭირდებათ პროდუქციის შენახვა და თითქმის არ სარგებლობენ სამაცივრე საწარმოების მომსახურებით. მათი ბიზნესი ჯერჯერობით ოჯახურია, თუმცა არის პერიოდები, როდესაც სხვებიც ეხმარებიან, მაგალითად, მწვანილის კრეფისას.
თუმცა, გამოწვევებიც, რასაკვირველია, აქვთ. პირველ რიგში, ეს ეხება რენტაბელური სათესლე ჯიშების შერჩევას. ბევრი ბენეფიციარი ცდების გზით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უმჯობესია რამდენიმე დასახელების ჯიშის კომბინირება: თუ არ გაამართლებს ერთი ჯიში, სხვები გადაფარავს ზარალს.
საინტერესო იყო ბენეფიციართა აზრი იმაზე, თუ რამდენად რეალურია მათ პირობებში ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა წარმოება ორგანულ სუბსტრატზე ან მინერალური ბამბაზე, რაც ფაქტიურად აორმაგებს მოსავალს. მაგრამ ყველა მესათბურემ აღნიშნა, რომ ეს პრობლემური და არარენტაბელურია უპირველესად სიძვირის გამო, ასევე იმიტომ, რომ მკაცრად უნდა იქნას დაცული რეკომენდაციები მცენარეების კვებასა და მორწყვასთან დაკავშირებით, სხვა შემთხვევაში მთელი გაწეული შრომა შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს.
რა თქმა უნდა, მოსავლის მოყვანა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მხოლოდ საქმის ნახევარია, მთავარია მისი გაყიდვა. თითქმის ყველა ბენეფიციარმა აღნიშნა, რომ ბითუმად პროდუქციის ჩაბარება არ არის მომგებიანი. გაცილებით უკეთესია, თუ სასოფლო-სამეურნეო ბაზარში საკუთარი ადგილი ექნებათ და თავად გაყიდიან ან დაიქირავებენ გამყიდველს. ხელსაყრელია ასევე პროდუქციის ჩაბარება მცირე მაღაზიებში, რომლებიც ბევრს არ იბარებენ, სამაგიეროდ, იქვე ანაზღაურებენ პროდუქტის ღირებულებას, მსხვილი სავაჭრო ქსელებისგან განსხვავებით, როცა ლოდინის პერიოდი შეიძლება სამ თვემდე გაგრძელდეს.
მნიშვნელოვანია, რომ სწავლებისა და კონსულტაციის შედეგად თითქმის ყველა მხარდაჭერილი მესათბურე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია პერიოდულად გაკეთდეს სარწყავი წყლისა და ნიადაგის ანალიზი მარილებისა და ელემენტების შემცველობაზე.
საბოლოოდ, მესათბურე ბენეფიციარები თვლიან, რომ მათ ბიზნესებს წარმატებული განვითარების ყველა წინაპირობა გააჩნია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ მომძლავრებულ კლიმატურ რისკებს. ისინი მადლობას უხდიან მცირე ბიზნესის განვითარების პროექტს და მის დონორს bp-ს, რომელმაც საშუალება მისცა დაეწყოთ და განევითარებინათ მომგებიანი ბიზნესი და მიეღოთ შესაბამისი ცოდნა.
წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 3-ის ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია bp-ისა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში. მასში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს და, შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს bp-ისა და მისი პარტნიორების ოფიციალური აზრის გამოხატულებად.