ცოტნე მუსელიანი ლენტეხიდან აქტიურად მუშაობს მშობლიურ მხარეში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის. ის საინფორმაციო პორტალ svanetiinfo.ge-ს ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და „საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირის“ დამფუძნებელია.
სამოქალაქო ლიდერობის პროგრამაში ცოტნე 2018 წელს ჩაერთო, რათა უკეთ გამკლავებოდა იმ გამოწვევებს, რაც მას და მის თანამოაზრეებს საზოგადოებრივ საქმიანობაში ხვდებოდათ. გამოწვევები რეგიონში მრავლადაა – მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოციალურ დახმარებას იღებს და ახალგაზრდების მიგრაციაც მნიშვნელოვანია „თითქმის ყველა სკოლადამთავრებული ტოვებს რაიონს და მოდის ქუთაისი-თბილისში“ ამბობს ცოტნე.
კიდევ ერთ დიდ პრობლემას რეგიონში ჰესების მშენებლობა წარმოადგენს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა უპირისპირდება. ეს გამოწვევები ცოტნეს არ აშინებს და მაქსიმალურად ცდილობს თანამოაზრეების შემოკრებას, ახალგაზრდების სამუშაო პროცესში ჩართვას და მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას. ის ასევე ეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას ჟურნალისტებთან ურთიერთობის პროცესში, რათა რეგიონის პრობლემები საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩეს.
სამოქალაქო ლიდერობის პროგრამა ცოტნესთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კომუნიკაციების და პროექტის წერის კუთხით აღმოჩნდა. ამბობს, რომ პროგრამის შემდეგ გუნდთან ერთად უფრო აქტიურად და მიზანმიმართულად დაიწყო როგორც სოციალური ქსელების, ასევე კომუნიკაციის სხვა არხების გამოყენება.
პროგრამაში მონაწილეობის პარალელურად მისმა ორგანიზაციამ კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრთან ერთად გრანტი მოიპოვა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის პროექტიც განახორციელა. „მნიშვნელოვანია ადგილზე აქტიური ადამიანების მოძიება, მათთან თანამშრომლობა, სინერგიის ნახვა სხვადასხვა სექტორებს შორის“ ამბობს ცოტნე და თანამოაზრეებთან ერთად მუშაობას აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების გასავითარებლად.