შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო მოწვეული ლექტორის ქეთევან კუხიანიძის ლექცია-პრეზენტაციასა და სტუდენტებთან კითხვა-პასუხს აღნიშნულ თემებზე, ხოლო მეორე – სტუდენტების ჯგუფურ სამუშაოს და დისკუსიას.
სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საარჩევნო დემოკრატიის მნიშვნელობასა და სამოქალაქო საზოგადოების როლს საარჩევნო დემოკრატიის გაძლიერების თვალსაზრისით. ასევე განხილულ იქნა მშვიდობისა და ქმედითი სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთკავშირი. და ბოლოს, სამოქალაქო საზოგადოების როლი სიღარიბის დაძლევის კუთხით.
ლექციის მეორე ნაწილის განმავლობაში სტუდენტებმა ჯგუფებში იმუშავეს კონკრეტულ სასწავლო მაგალითებზე, წარმოადგენს საკუთარი დასკვნები და იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რომელთა გადაჭრაშიც სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს – გენდერული თანასწორობა და ოჯახში ძალადობა, თავისუფალი მედია გარემოს მნიშვნელობა ეფექტური საარჩევნო დემოკრატიისთვის.
საუნივერსიტეტო კურსი შეიქმნა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში. მისი მიზანია ახალ თაობას საშუალება მისცეს სწავლების საბაკალავრო საფეხურზე მიიღოს სანდო და აკადემიური ცოდნა სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების შესახებ. კურსის ფარგლებში ითარგმნა და გამოიცა ოქსფორდის სამოქალაქო საზოგადოების სახელმძღვანელო, შეიქმნა დამატებითი საკითხავი ლიტერატურა და იგეგმება დამატებითი ღონისძიებები კურსში ჩართული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.