„საქართველოს უნიკალური პოტენციალი აქვს. ეს ქვეყანა ჩემ გაოცებას მეცამეტე წელია თავისუფლად ახერხებს – ადამიანს მთელი ცხოვრება შეიძლება არ ეყოს საქართველოს აღმოსაჩენად“. ამბობს ჯონი კაპანაძე, 2018 წლის სამოქალაქო ლიდერობის პროგრამის მონაწილე, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი და აქტივისტი.
ჯონის მიზანი საქართველოში მდგრადი ტურიზმის განვითარებაა. ის აქტიურადაა ჩართული სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაციაში, ლაშქრობებისა და ბანაკების მოწყობასა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნაში: „საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიკვლევთ ბილიკებს, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და „ვისოლთან“ თანამშრომლობით გვაქვს საკმაოდ პოპულარული ვიდეო ბლოგი. ვმუშაობთ კონკრეტულ ტერიტორიაზე მარშრუტის სწორედ დაგეგმვაზე, ვასწავლით, რეკომენდაციებს ვაძლევთ და ვაჩვენებთ იმ ულამაზეს ადგილებს, რომელმაც უნდა უბიძგოს ადამიანებს მოგზაურობისკენ, გააცნოს საკუთარი ქვეყანა.“ ამბობს ის.
არაა გასაკვირი, რომ ჯონის უმნიშვნელოვანეს პრობლემად საქართველოს ბიომრავალფეროვნების და ზოგადად გარემოს დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა მიაჩნია და თვლის რომ შედარებით მოკლევადიან ეკონომიკურ სარგებელს საზოგადოების გრძელვადიანი ინტერესები ეწირება; მისი თქმით ხშირია სოციალური და გარემოსდაცვითი კომპონენტის უგულებელყოფა ვიწრო ეკონომიკური ინტერესების სასარგებლოდ. „ამა თუ იმ რეგიონის განვითარებისას არ გვაქვს ისეთი გენ. გეგმა, რომელიც ტრანსდისციპლინურ მიდგომას ეყრდნობა… ხშირად ვაკეთებთ ერთს და ვაფუჭებთ მეორეს“ ამბობს ის და თანამოაზრეებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ეწინააღმდეგება ისეთ პროექტებს, რომლებიც გაუმართლებლად და საფრთხის შემცველად მიაჩნია როგორც გარემოს დაცვის და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ასევე მდგრადი ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.
გამოსავალს ის სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნაში, კვალიფიციური სამსახურების გაჩენასა და პროფესიული კადრების არსებობაში ხედავს, მით უფრო რომ მოთხოვნა სათავგადასავლო, ეკოტურიზმზე განვითარებული ქვეყნებში მაღალია: „ახლოს ვართ, სამეზობლოა დასავლეთ ევროპა. მათთვის ახალი საინტერესო ობიექტი ვართ. მარტივია ფრენა, ჩამოსვლა და ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს აქტიური დასვენება და ხელშეუხებელი ბუნება აინტერესებთ. ეს კი თავის მხრივ საშუალებაა ყველაზე სუსტ, წვრილ სისხლძარღვებსაც მივაწოდოთ სასიცოცხლო ენერგია, განვავითაროთ ადგილობრივი ეკონომიკა. ეს კარგი ფორმულაა ურთულეს რეგიონებს მივაწოდოთ სასიცოცხლო საჭირო თანხა, ადამიანებს ვუბიძგოთ რომ იქ დარჩნენ, იქ დაბრუნდნენ.“ განმარტავს ჯონი.
ჯონის თქმით სამოქალაქო ლიდერობის პროგრამამ მას საშუალება მისცა ერთიანად და თანმიმდევრულად განემტკიცებინა ის ცოდნა და მიგნებები რაც იქამდე აკადემიურ გარემოსა, თუ მუშაობის პროცესში, ცდისა და შეცდომის მეთოდით ჰქონდა შეძენილი, მას განსაკუთრებით კომუნიკაციისა და ლიდერობის კომპონენტი დაამახსოვრდა. ჯონის თქმით სამოქალაქო ლიდერობის პროგრამაში მონაწილეობამ განუმტკიცა რწმენა, რომ სწორ გზაზე დგას და ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს: „პირველი და მნიშვნელოვანი რაც არის – არ მიიღო მოცემულობა და პრობლემებთან ერთად გადაეჩვიო ცხოვრებას. ან უნდა მიიღო არსებული რეალობა და არ იწუწუნო, ან უნდა დაანებო წუწუნს თავი და შეცვალო არსებული რეალობა. ეს არის ფაქტი, ჩვენ გვჭირდება ქმედით ნაბიჯები პრობლემების მოსაგვარებლად, მე ჩემი გამოწვევები ნაპოვნი მაქვს და ვეცდები ეს პრობლემა მოვაგვარო“ ამბობს ის.