ბაჩანა ბასილაია, სამოქალაქო ლიდერობის პროგრამის 2018 წლის მონაწილე, ხონში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ის ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის წევრია და 2009 წლიდან აქტიურადაა ჩართული დასახლების პრობლემების მოგვარებაში. ბაჩანას თქმით ამ მხრივ უკანასკნელი პერიოდის ყველაზე დიდი საჭიროება უწყვეტი წყალმომარაგება იყო, რაც ცოტა ხნის წინ ლტოლვილთა დანიის საბჭოს გრანტის დახმარებით მოაგვარეს და დღეს დასახლებას 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს. საგრანტო განაცხადის წერისას ბაჩანამ სამოქალაქო ლიდერობის პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნაც გამოიყენა „პროექტების წერის დროს მიზნის, ამოცანების სწორად ჩამოყალიბება გამიადვილა“ ამბობს ის და თვლის, რომ პროგრამაში მონაწილეობა დასახლების საჭიროებების გადაჭრაში მომავალშიც დაეხმარება: „ამ ტრენინგებმა მომცა ზუსტი მიმართულება, მეტი შესაძლებლობა გამიჩინა და მოტივაცია გაზარდა ჩემში“, ამბობს ის.
ამ ეტაპზე საინიციატივო ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წყალობით დასახლებაში, სადაც 600 ოჯახი ცხოვრობს, ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგებულია და მთავარ გამოწვევას მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს – „საინიციატივო ჯგუფი გვეხმარება და საარსებო პირობები ნორმალურია. ამჟამად დასაქმებაა პრობლემა, რადგან შეჭირვებული ოჯახი ბევრია, არსებობა უჭირთ.“ ამბობს დასახლების მკვიდრი ქალბატონი თუთა. ბაჩანას იმედი აქვს, რომ ამ გამოწვევასაც ერთობლივი ძალებით გაუმკლავდებიან, რაშიც სამოქალაქო ლიდერობის პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნაც დაეხმარება.