როლანდ ზუბაშვილს 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ცხინვალიდან გარდაბნის რაიონში, სოფელ ფოლადაანთკარში მოუწია გადასახლება. ახალ საცხოვრებელ ადგილას დამკვიდრებას ბევრი სირთულე ახლდა თან, მაგრამ ოჯახი ცდას არ აკლებდა რათა ფეხი აეწყო ცხოვრებისთვის. ბ-ნი როლანდის უკვე არსებულ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობას გადაადგილების/ტრანსპორტირების პრობლემაც ართულებდა.
სოფელ ფოლადაანთკარს ორი ძირითადი მისასვლელი გზა აქვს, ერთი რომელიც სოფელ გამარჯვებასთან აკავშირებს და მეორე – ცენტრალური მაგისტრალიდან მისადგომი გზა. ამ უკანასკნელის ექსპლუატაცია ფაქტობრივად შეუძლებელი იყო იმ დაზიანებული 80 მ სიგრძის მონაკვეთის გამო, სადაც მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტს შეეძლო მოძრაობა. დაზიანებულ გზაზე ვერც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდა და შესაბამისად სოფელში მიმავალ თუ მომავალ თითოეულ მოსახლეს უწევდა რამდენიმე კილომეტრის გავლა წვიმიან, თოვლიან და მცხუნვარე მზიან ამინდებში იმისათვის, რომ დანიშნულების ადგილამდე მიეღწიათ.
2013 წლის ივნისიდან, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა პროექტის, „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ განხორციელება ქვემო ქართლის რეგიონის კიდევ 12 სოფელში დაიწყო, .
პროექტი „CDI SCPX” ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების ფარგლებში.
აღნიშნულ 12 სოფელში, CDI SCPX ახორციელებს სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებს და მიზნად ისახავს BP-სა და სამიზნე სოფლებს შორის ჰარმონიული და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
CDI SCPX ფარგლებში, ფოლადაანთკარის მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტულ პროექტად გზის 80 მ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასახელდა. შესაბამისად, ჩამოყალიბდა სათემო კავშირი და მის წევრებს პროექტის ჩაუტარდათ ორგანიზაციული განვითარების ტრენინგი, რომელიც მათ დაეხმარა პროექტისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობის სწორად დაგეგმარებაში და ამისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში.
პროექტის ერთ-ერთი ძირითადი – თანამონაწილეობის პრინციპის დაცვის მიზნით ფოლადაანთკარის მოსახლეობამ შრომითი სახით მიიღო თანამონაწილეობა პროექტის განხორციელებაში. საკუთარი ძალებით შეასრულეს პროექტის განსახორციელებლად საჭირო სამშენებლო სამუშაოები და შეძლეს CDI SCPX-ის ფინანსებით შეძენილი მასალების სწორი გამოყენება.
„პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იყო სოფლის მოსახლეობისთვის, გადაადგილება შეუძლებელი იყო აქამდე. სამარშუტო ტაქსი არ მოძრაობდა დაზიანებული გზის გამო, ზოგიერთი ტაქსი გვთანხმდებოდა სახლამდე მივეყვანეთ, მაგრამ ორმაგ ან სამმაგ ფასად. პროექტის ბოლომდე მისაყვანად ტრაქტორი გამარჯვებიდან ვითხოვეთ, ადგილობრივი გამგეობა დაგვეხმარა ამაში. ხშირად წვიმიანი ამინდი გვიშლიდა ხელს სამუშაო პროცესში, მაგრამ საბოლოოდ დიდი ძალისხმევით მაინც მივიყვანეთ ბოლომდე. ახლა უკვე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს სოფელში და ბავშვებს თუ მოხუცებულ ადამიანებს დანიშნულების ადგილამდე მიიყვანს. მათ ყველაზე მეტად უჭირდათ გადაადგილება. ასევე ვფიქრობთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა კერძო სატრანსპორტო კომპანიებსაც მოველაპარაკოთ, რომ იარონ ჩვენი სოფლის გავლით. ეს ყველანაირ პრობლემას აღმოფხვრის, რაც აქამდე გადაადგილების კუთხით გვექმნებოდა. პროექტის განხორციელებამ შეამსუბუქა ჩვენი რთული ყოფა და პირობები“ – აცხადებს ფოლადაანთკარის სათემო კავშირის წევრი – როლანდ ზუბაშვილი.
ფოლადაანთკარის გზის 80 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების შედეგად დაახლოებით 500-მდე ოჯახმა მიიღო სარგებელი და მათთვის გადაადგილების პრობლემა დღეისათვის მოხსნილია.