საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული კვლევები სასკოლო ასაკის ბავშვებში კვების პრობლემებზე მიუთითებს ((Oxfam, 2016); მეოთხე კლასელი მოსწავლეების 35% აღნიშნავს, რომ სკოლაში ყოფნის დროს შია. ამასთანავე, ის მოსწავლეები, რომლებიც სასკოლო საათებში შიმშილის გრძნობას განიცდიან, უფრო დაბალ შედეგებს აჩვენებენ მიღწევის ტესტებში, განსაკუთრებით სოფლებში (PIRLS, 2016). თანმდევ თვისებრივ კვლევაში მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ ხშირად არ საუზმობენ, საკვებს მიირთმევენ არარეგულარულად, იღებენ დიდი რაოდენობით შაქრის შემცველ სასმელს და მშრალ საკვებს.
სასკოლო კვების სტანდარტების და პროგრამების განვითარება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.
ექსპერტები და პოლიტიკის განმსაზღვრელები თანხმდებიან, რომ სასკოლო კვების პროგრამები უნდა ეყრდნობოდეს იმ კონტექსტუალურ ფაქტორებს, რომელიც სასკოლო თემის უშუალო ეკოსისტემას წარმოადგენს.
კვლევის მიზანი და ამოცანები
მოცემული კვლევის მიზანია, შეფასდეს სხვადასხვა კონტექსტუალური ფაქტორის გავლენა სასკოლო კვების პროგრამების დაგეგმვასა და მართვაზე.
კერძოდ, კვლევის მიზანია პასუხი გასცეს კითხვებს:
- როგორ ჯგუფდებიან საქართველოს საჯარო სკოლები სასკოლო კვების პროგრამების დაგეგმვისათვის მნიშნელოვანი ფაქტორების მიხედვით და
- როგორ შეიძლება ამ ფაქტორების გათვალისწინება სასკოლო კვების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისას
სკოლა-ლაბის ვებ-გვერდზე ეტაპობრივად შეგიძლიათ გაეცნოთ კვლევასთან დაკავშირებულ სხვა სიახლეებსა და შედეგებს.