ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება სოფლის მეურნეობაზე კლიმატის ცვლილების გავლენის საკითხი. ვინაიდან პროექტის ბენეფიციართა შორის საკმაოდ მრავლადაა პირველადი სოფლის მეურნეობის წარმოებით დაკავებული პირები, კერძოდ, მესათბურეები, კენკრის მწარმოებლები და აგროსერვისები, მათი მდგრადობის განმტკიცებისათვის მნიშვნელოვანია მათი გაცნობა ამ სფეროში არსებულ ვითარებასთან, რისკებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებთან. ამასთან დაკავშირებით, აპრილის ბოლოს ჩატარდა გაცნობითი ტრენინგი სოფლის მეურნეობაზე კლიმატის ცვლილების გავლენის თეორიული საფუძვლების შესახებ. ტრენინგს უძღვებოდა ქალბატონი ნინო დეკანოიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი, სპეციალისტი აგროეკოლოგისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის საკითხებში.
განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ამინდი და კლიმატის ცვლილებები, გლობალური დათბობა, სათბურის აირები და მათი ძირითადი წყაროები, კლიმატის ცვლილებათა გავლენა წყლის რესურსებსა და ნიადაგზე, აზოტის წრებრუნვა და ა.შ. განხილული იქნა ასევე სოფლის მეურნეობაში განახლებადი ენერგიის წყაროთა გამოყენების საკითხი, მსმენელთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ტრადიციული და კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ზოგიერთი მეთოდის შედარებამ. მუხედავად თეორიული მასალის სიუხვისა, ტრენინგმა მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია და დადებითი შეფასება დაიმსახურა.
აღნიშნული ტრენინგის ლოგიკური გაგრძელება გახდა მისი მეორე ნაწილი, რომელიც უფრო პრაქტიკულ ასპექტებს ეხებოდა და ასევე ონლაინ რეჟიმში ჩატარდა ივნისის ბოლოს. ტრენინგს უძღვებოდა ცნობილი ექსპერტი ორგანული სოფლის მეურნეობის და ბიოწარმოების დარგში, ბატონი თამაზ დუნდუა.
ტრენინგის დასაწყისში მონაწილეებმა მოკლედ წარადგინეს საკუთარი თავი და აღწერეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები, რომლებიც მათ პირადად შეექმნათ. უმეტესობისთვის ძირითად პრობლემებს წარმოდგენდა სარწყავი წყლის ნაკლებობა და ნიადაგის ნაყოფიერების შემცირება. შემდეგ ტრენერმა მოკლედ ისაუბრა აღნიშნული პრობლემის წარმოშობის შესახებ, ასევე ხაზი გაუსვა სავალალო შედეგებს, რომლებიც შეიძლება დადგეს, თუ დროულად არ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები. მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ვერმიკომპოსტის წარმოებისა და ადაპტაციის ისეთი ზომების მიმართ, როგორიცაა ადგილობრივი გვალვაგამძლე ჯიშების გამოყენება და ქარდამცავი ზოლების მოწყობა. ტრენინგმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, მონაწილეთა ჩართულობის ხარისხიც მაღალი იყო. ტრენინგის შედეგად პროექტის ბენეფიციარებმა აიმაღლეს ცნობიერება იმაზე, თუ რა არის კლიმატის ცვლილება, როგორ არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებები და სურსათის უვნებლობა და გაეცვნენ ადაპტაციის რამდენიმე ვარიანტს თავიანთი მეურნეობების დონეზე. მსმენელებმა შეაფასეს ტრენინგი, როგორც სასარგებლო და მათი საჭიროებების შესაბამისი და გამოხატეს იმედი, რომ შეძლებენ ზოგიერთი გადაწყვეტილების პრაქტიკულ გამოყენებას.