სრულდება 2020 წელი, რომელიც ძალიან რთული იყო ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი მიკრო მეწარმეებისთვის. შეგახსენებთ, რომ „მც
ირე ბიზნესის განვითარების პროექტი 3“ ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში.
„ჩემი ბიზნესი ტორტების და ნამცხვრების ცხობაა“, – ამბობს თამარ გველესიანი (საკონდიტრო, მეორე სვირი, ზესტაფონი). სოფელში ოთხი დარბაზია, საიდანაც მომდიოდა კლიენტების ძირითადი ნაკადი. ადრე თუ კვირაში ათი შეკვეთა მქონდა, ახლა უკეთეს შემთხვევაში ორი. ხალხი ეკონომიის რეჟიმში გადავიდა და კლიენტების რაოდენობამ ძალიან იკლო. ამიტომ მომიწია მათ მოზიდვაზე დაფიქრება. პროექტის დახმარებით ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ინტერნეტში რეკლამის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. ამაზე ადრე არ ვამახვილებდი ყურადღებას, ხანდახან ვდებდი ხოლმე ფეისბუქზე ტორტების სურათებს. მაგრამ ახლა უფრო გავაქტიურდი, შვილის დახმარებით რეგულარულად ვაახლებ ჩემს გვერდს და ვამატებ ახალ სურათებს. კლიენტები უკვე სოციალური ქსელითაც მიკავშირდებიან. გარდა ამისა, დავიწყე ადგილზე მიტანის შეთავაზება, რაშიც მეუღლე მეხმარება, ეს ძალიან კომფორტული აღმოჩნდა ბევრი კლიენტისთვის“.
თამარის აზრს იზიარებს ნათია სოხაძე (ვარდების წარმოება, ზეინდარი, ვანი), რომელიც დასძენს: „სოციალურ ქსელში წარმომადგენლობა უკვე აუცილებელია ჩემისთანა ბიზნესებისთვის. საჭიროა კომუნიკაცია არსებულ და პოტენციურ მყიდველებთან, მათთვის თავის შეხსენება. პირველი ლოქდაუნის დროს დავფიქრდი ადგილზე მიტანის შეთაბაზებაზე, რამაც გაამართლა. კლიენტები კმაყოფილია, რადგან არ უწევთ ზედმეტი გადაადგილება“.
სხვა რაკურსით ხედავს მუშაობაში მომხდარ ცვლილებებს ავთანდილ გაფრინდაშვილი (სასათბურე მეურნეობა, არგვეთა, ზესტაფონი): „კორონავირუსის პანდემიამ დამაფიქრა ასორ
ტიმენტის გაფართოვებაზე. პირველი ტალღის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ადამიანებმა დაიწყეს მეტი ყურადღების დათმობა ჯანსაღი კვებისთვის და ამიტომ შემოდგომაზე დავთესე ბროკოლი, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი პროდუქტია ჯანსაღ კვებაში. ექსპერიმენტმა გაამართლა, კარგი მოსავალი მივიღე, მყიდველებიც უკვე ბლომად მყავს. და, რაც მთავარია, ეს არის განსხვავებული პროდუქტი, რომელიც არცთუ ფართოდაა წარმოდგენილი ბაზარზე“.
ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, საერთო ჯამში შეცვლილი რეალობა მეტ-ნაკლებად ყველაზე აისახა. მხარდაჭერილი მეწარმეების უმეტესობა, განსაკუთრებით, ვინც მომსახურებას ეწევა, მივიდა დასკვნამდე, რომ სოციალური ქსელები – მომხმარებლების მოზიდვის მძლავრი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენების გარეშე ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. უმეტესობა ასევე თვლის, რომ მყიდველებსა და კლიენტებს მეტი ყურადღებით უნდა მოეპყრონ, უფრო აქტიურად უნდა ეკონტაქტონ და წაახალისონ გონივრულ ფარგლებში, რადგან არსებულ კლიენტებს მეტი ფული მოაქვთ, ვიდრე ახლებს ან პოტენციურებს.
გარდა ამისა, ბევრი მათგანი თვლის, რომ ბიზნესს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ე.წ. „უსაფრთხოების ბალიში“ ანუ ფულადი სახსრების 2-3 თვიანი მარაგი, რომელიც საკმარისი იქნება მიმდინარე ხარჯების დასაფარავად.
საერთო ჯამში, პროექტის ბენეფიციარებმა გააკეთეს საჭირო დასკვნები, თანდათანობით ერგებიან ახალ რეალობას და საკმაოდ იმედიანად უყურებენ მომავალს.