მარიამ ოსიაშვილი, სამოქალაქო ლიდერობის პროგრამის მონაწილე სოფელ ენისელში საზოგადოებრივი აქტივობების და ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობს. „ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ადამიანების ცნობიერების ამაღლება მათი ცხოვრების კეთილდღეობაზე ზრუნვა, ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ სხვადასხვა სერვისები თემს, ვასწავლოთ ლიდერობა და აქტიური მოქალაქეობა, ასევე პრობლემების გამოვლენის და მოგვარების გზები.“ ამბობს მარიამი. მისი ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისთვის“ ოფიციალურად 2019 წელს დარეგისტრირდა, თუმცა 2013 წლიდან სათემო ჯგუფის სახით ფუნქციონირებს და თანამშრომლობს სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
რადგან სოფლად ახალგაზრდებისთვის შემეცნებითი და კულტურული აქტივობები იშვიათია, ეს მარიამისა და მისი თანამოაზრეების საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს. ამასთან, მსგავს ღონისძიებებზე დაფინანსების მოპოვება მხოლოდ სოფლის მხარდაჭერით რთულია, რაც ნაწილობრივ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობით, ნაწილობრივ კი ადგილობრივი ბიზნესის სუსტი ფილანთროპიული კულტურით აიხსნება. შესაბამისად, მარიამისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს და შეეძლოს სხვადასხვა ტიპის დაფინანსების მოზიდვა და სათანადო კომუნიკაცია. სწორედ ეს გახდა სამოქალაქო ლიდერობის პროგრამაში მისი მონაწილეობის ერთ-ერთი მიზეზი – მარიამი თვლიდა, რომ საპროექტო განაცხადის წერისა და ფონდების მოძიების კუთხით ცოდნის გაღრმავება ჭირდებოდა – „პროექტის წერაზე საინტერესო დეტალები დავიჭირე, რაც აქამდე არ ვიცოდი“ ამბობს ის.
ლიდერობის პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ მარიამმა ენისელში ახალგაზრდული ფესტივალის პროექტი დაგეგმა და წარმატებით განახორციელა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) საგრანტო დაფინანსებით და მოხალისეების მხარდაჭერით.
სამომავლოდ მარიამი საქმიანობის გაფართოებას გეგმავს და იმედი აქვს, რომ უფრო მეტი ახალგაზრდის მობილიზებას შეძლებს როგორც მშობლიურ სოფელში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.