პროექტის განმახორციელებელი: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი – ალტერნატივა ჯორჯია
პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე
ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპია (ოჩთ) ოპიოიდებზე დამოკიდებულების მკურნალობის ყველაზე ეფექტური მიდგომაა და მნიშვნელოვნად ამცირებს არალეგალური ნარკოტიკების მოხმარებას, ინფექციების გავრცელებას, დოზის გადაჭარბებით გამოწვეულ სიკვდილს და დანაშაულს. ოჩთ-ს ეფექტურობა პირდაპირ არის დაკავშირებული მკურნალობის ხანგრძლივობასთან – რაც უფრო მეტ ხანს არის ადამიანი მკურნალობაში, მით უფრო დაბალია იმის ალბათობა, რომ იგი მიუბრუნდება არალეგალური ნარკოტიკების მოხმარებას. საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ოჩთ მიწოდებულია მხოლოდ რამდენიმე თვიანი დეტოქსიკაციის სახით და ის ადამიანებიც კი, ვინც დაპატიმრებამდე ჩართული იყვნენ სამოქალაქო სექტორში ოჩთ-ში, იძულებულები არიან შეწყვიტონ მკურნალობა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და „ალტერნატივა ჯორჯიას“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ამ მკურნალობის დანერგვას სასჯელაღსრულების სისტემაში. მათ შორის არის მარეგულირებელი ჩარჩო, ფიზიკური ინფრასტრუქტურის მომზადების საჭიროება ციხეებში, კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა/მომზადების საჭიროება, და პენიტენციური ჯანდაცვის ხელმძღვანელების არასაკმარისი ცნობნიერება ამ პრობლემასთან მიმართებაში. მოცემული ადვოკატირების პროექტი გამიზნულია გამოვლენილი ბარიერების აღმოფხვრაზე და კვლევის იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომლებიც ყველაზე მეტად არის კრიტიკული.
პროექტის მიზანს წარმოადგენს კვლევით „ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ განსაზღვრული რეკომენდაციების აღსრულების მხარდაჭერა.უფრო კონკრეტულად კი, დაგეგმილია ერთგვარი სამოქმედო გეგმის შემუშავება, სადაც გაწერილი იქნება სამკურნალო პროგრამების არეალის ეტაპობრივი გაფართოება პენიტენციურ დაწესებულებებში, საკითხის საჯარო პოლიტიკის დღის წესრიგში გააქტიურება, მულტისექტორული სამუშაო ჯგუფის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს და სამოქმედო გეგმის შემუშავება, თემის წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე და ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის შესახებ ფართო ფენების ცნობიერების ამაღლება.