CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქ. 5 0177 თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სამოქალაქო საზოგადოების განვითარება

სამოქალაქო საზოგადოების განვითარება

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან და მზარდ გავლენას ახდენენ დემოკრატიის განვითარებაზე. ისინი ქმნიან სოციალური მომსახურების მოდელებს, ხელს უწყობენ გარემოსდაცვით, გენდერულ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე საზოგადოების უკეთეს ინფორმირებას და ლიბერალური ღირებულებების დანერგვას. იმავდროულად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოწოდებული არიან,  წარმოადგინონ მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები და უზრუნველყონ მათი გაზრდილი მონაწილეობა პოლიტიკის ფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს  სთავაზობს მხარდაჭერას ორგანიზაციული განვითარებაში; ასევე ცდილობს მდგრადი განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნის სტიმულირებას.

საერთაშორისო დაფინანსებაზე დიდი დამოკიდებულების გამო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უმეტეს წილად, უფრო დაკავებული არიან  დონორებთან კონტაქტების დამყარებით, ვიდრე საზოგადოებაში საკუთარი პოზიციის გამყარებითა და სხვა სექტორებთან კავშირების გაბმით. ეს გარემოება იწვევს დაფინანსების წყაროების სიმწირესა და თავად ორგანიზაციების ლეგიტიმურობის დაბალ დონესაც.

როდესაც საერთაშორისო დონორები სრულად დატოვებენ ქვეყანას, დონორული ტვირთის მნიშვნელოვანი გადანაწილება უნდა მოხდეს სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე და ადგილობრივ ბიზნეს სექტორზე. ხოლო იმისათვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მდგრადობამ სამომავლოდ პოზიტიური დინამიკა შეინარჩუნოს, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დროულად  გადადგან ნაბიჯები ალტერნატიული ფონდების მოსაძიებლად.

სამომავლო განვითარების ვექტორი თავისთავად ასევე გულისხმობს სამოქალაქო ორგანიზაციათა ისეთი ეფექტური და მჭიდრო ქსელების განვითარებას, რომლებიც შეძლებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხარჯთეფექტურობისა და  საერთო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ასევე შექმნიან ინტერესების ადვოკატირებისათვის მყარ სოციალურ კაპიტალს. 

შესაბამისად სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კონტექსტში CTC მუშაობს ორი  პრიორიტეტული მიმართულებით:

  1. ფილანტროპიის განვითარება
  2. თანამშრომლობისა და კოალიციების მხარდაჭერა

ფილანტროპიის განვითარების ხელშეწყობა

2008 წლიდან CTC სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით აქტიურად სთვაზობს საზოგადოებას ფონდების მოძიების თემაზე ტრენინგ კურსს. ეს CTC ასევე ეწევა საკონსულტაციო დახმარებასაც.  ამ დროისათვის უკვე გაწეულია არაერთი კონსულტაცია, ხოლო  ფონდების მოძიების 7 ბლიც-კამპანიის ჩატარებით საინტერესო გამოცდილება დაგროვდა.

კონკრეტული ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის მიღმა ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია  გარემოს და საზოგადოების დამოკიდებულებათა კვლევა. ამ მიზნით 2009 წელს CTC-იმ ჩაატარა ხარისხობრივი კვლევა. კვლევა განხორციელდა ACT კვლევასთან თანამშრომლობით. კვლევამ დაგვანახა ბიზნესთან მუშაობის შესაძლო სტრატეგიები. სამომავლოდ იგეგმება უფრო ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარება

ამავე თემაზე საზოგადოებრივი დისკუსიის გაძლიერების მიზნით CTC ასევე თანამშრომლობს  მედიასთან.  CTC-ს ინიციატივით ჟურნალ ”ლიბერალის” (72, 18-24.04.2011) მთავარი თემა მიეძღვნა საქართველოში სოციალური პასუხისმგებლობისა და ფილანტროპიის საკითხებს. აქ შეგიძლიათ იხილოთ მაია წიკლაურის სტატია ”სოციალური პასუხისმგებლობა ქართულად: როგორ ესმით ქართველ ბიზნესმენებს სოციალური პასუხისმგებლობა?” . ჟურნალ ”ცხელი შოკოლადის” 2011 წლის მაისის ნომერში დაიბეჭდა ნინო ბექიშვილის სპეც-პროექტი ”ფილანტროპიის კულტურა”.

2012 წელს CTC ინიციატივით მოეწყო საზოგადოებრივ და ბიზნეს ორგანიზაციათა ფორუმი. ინიციატივა დააფინანსა და USAID-ის საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა, ასევე ამ ღონისძიების ჩატარებაზე CTC - ის პარტნიორობა გაუწია ამერიკის სავაჭრო პალატამ. 

თანამშრომლობისა და კოალიციური მუშაობის ხელშეწყობა

ერთიანი სამოქალაქო ძალის ჩამოყალიბება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მეტი ლეგიტიმურობის და სიცოცხლისუნარიანობის წინაპირობაა.  ეს შესაძლებელია სამოქალაქო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.  არაკოორდინირებული სამოქალაქო სექტორის გარემოში მოქმედ ცალკეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას გაუჭირდება ქმედითი და ფართომასშტაბიანი პროგრამების ინიცირება და ძლიერი სამოქალაქო ძალის ფორმირება.

შესაბამისად, CTC-ს  მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო ორგანიზაციების აზრთა გაცვლას და შესაბამისად,  ფასილიტაცია გაუწიოს მათ კოალიციურ მუშაობას. კონკრეტულად ამ მიმართულებით CTC ხელს უწყობს საზოგადოებრივი სექტორის განვითარების აქტუალურ თემებზე დისკუსიების ორგანიზებას და აქტორებს შორის ერთიანი ხედვის ფორმირებას და ქსელურ მუშაობას.

ამ მიზნით, 2012 წელს CTC-ის მიერ განხორციელდა პროექტი ”დიალოგი სამოქალაქო საზოგადოების მიერ”. პროექტს აფინანსებდა USAID-ის საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა.

პროექტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ საჯარო დისკურსის წარმართვის ხელშეწყობას, სექტორში არსებული პრობლემების  გადალახვის გზების ძიებას. მსვლელობის დროს მოეწყო 5 საჯარო დისკუსია, მუშაობა განხორცილდა სამუშაო ჯგუფებში და მომზადდა რეკომენდაციათა კრებული.