CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

მცირე ბიზნესიდან ბიზნესის გაფართოებამდე

ნაირა ჭყადუა, რამინ ლაგვილავა, ვალენტინა გურჩიანი, დემოკრიტე სეფილოვი, ლიანა ნიჟარაძე და ნანა სტეფლიანი არიან ის წარმატებული მცირე მეწარმეები, რომლებმაც თავის ბიზნეს ხედვას მისცეს გასაქანი. ეს დამწყები მეწარმეები ცხოვრობენ BTC და SCP მილსადენების კორიდორის გვერდით სოფლებში.

პროექტ  „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“  მეოთხე ფაზაში მათ  მიიღეს გრანტი და შექმნეს მცირე საწარმოები. „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ დახმარებით ბენეფიციარებმა გამოიმუშავეს ბიზნესის ადმინისტრირების ტექნიკური უნარები, მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვა, სვოტ ანალიზი,  ხარჯების ანალიზი, სამოქმედო გეგმის შედგენა, საგადასახადო სისტემასთან ურთიერთიერთობა და  დაიწყეს ფიქრი მცირე ბიზნესების გაფართოებაზე. პროექტ „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“  მეხუთე ფაზის ფარგლებში, იმ  მეწარმეებს, რომლებმაც გადალახეს დამწყები  ბიზნესის გამოწვევები, ჩამოაყალიბეს ბიზნესის მოდელი და ბიზნესის ყველა ასპექტში გამოავლინეს სტაბილური შედეგი, შეიძინეს მენეჯერული უნარები და აჩვენეს მცირე ბიზნესის სრულფასოვან საფეხურზე გადასვლა,  მიეცათ გაფართოების მოტივაცია ბიზნესის გაფართოების გრანტის მიღების სახით.

მიღებული გრანტის გარდა წარმატებულ მცირე მეწარმეებს - ნანა სტეფლიანს, ნაირა ჭყადუას და რამინ ლაგვილავას მიეცათ სტიმული გამხდარიყვნენ მენტორები და თანატრენერები პროეფესიული ტრენინგების  მსვლელობისას. სწავლების დროს ისინი უზიარებენ მონაწილეებს პრაქტიკულ გამოცდილებებს და  უღვივებენ მათი მაგალითის საფუძველზე ბიზნესის წარმოების ინტერესს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელი ხაიშის მცხოვრებმა ნაირა ჭყადუამ თავდაპირველად შექმნა მცირე სათბური და დაიწყო კიტრისა და პომიდვრის მოყვანა. „მე არ მქონდა გამოცდილება სათბურის მოწყობასა და გაშენებაში, მაგრამ სისტემატური ტრენინგებისა და კონსულტაციების დახმარებით შევძელი გავმხდარიყავი მისაბაძი ადამიანი სოფელში და ამჟამად ახლად შექმნილი სათბურის მფლობელებსაც ვუწევ კონსულტაციებს. რა თქმა უნდა სირთულეებთან გამკლავებაც მიხდება, რადგან სოფელში არ არის სარწყავი წყალი და მჭირდება სარწყავი წყლის ყიდვა, რაც ზრდის ბიზნესის ხარჯებს. ასევე ტემპერატურის ცვალებადობის გამო  მცენარის მოყვანა მოითხოვს უფრო დიდ ყურადღებას და ძალისხმევას. მაგრამ მიუხედავად სირთულეებისა ვუძღვები ბიზნეს, რომელიც წარმოადგენს ჩემი ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს.“   - თქვა ნაირა ჭყადუამ.

ნაირა ჭყადუა, სოფელი ხაიში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

სოფელი წინწყაროს მცხოვრები და ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოს მფლობელი, ნანა სტეფლიანი გვიამბობს: „მე ყოველთვის მომწონდა ხელნაკეთობების შექმნა და მსურდა ჩემი საკუთარი ბიზნესის დაწყება, ამიტომ მონაწილეობა მივიღე მცირე ბიზნესის საგრანტო კონკურსში და დავიწყე ხელნაკეთი ნივთების წარმოება.  პოტენციური კლიენტებთან ურთიერთობისთვის და შეკვეთების მისაღებად, ასევე გაყიდვების გაზრდისთვის ვიყენებ სოციალურ ქსელს. მივხვდი, რომ მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა იზრდებოდა მინანქრის აქსესუარებზე. ამიტომ გავიარე კურსები მინანქრის პროდუქტის წარმოებაზე, მონაწილეობა მივიღე ბიზნესის გაფართოების საგრანთო კონკურსში და გავიმარჯვე. ამჟამად ვაწარმოებ ხელნაკეთ ნივთებს, როგორც მძივებისგან ასევე მინანქრისგან. დაინტერესების შემთხვევაში ასევე ვასწავლი ხელნაკეთი აქსესუარების გაკეთებას.                          

ნანა სტეფლიანი, სოფელი წინწყარო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

რამინ ლაგვილავას მაღაზია მდებარეობს სოფელი კრწანისის ცენტრში, ავტობუსების გაჩერების, საბავშვო ბაღისა და გამგეობის გვერდით. ბიზნესის ხელსაყრელი მდებარეობა აისახა მის მომგებიანობაზე და მეპატრონემ დაიწყო ფიქრი ბიზნესის გაფართოებაზე. ბიზნეს გაფართოების გრანტის მეშვეობით რამინ ლაგვილავამ გააფართოვა მაღაზიის ტერიტორია და აღჭურვა საჭირო ინვენტარით. „მე და ჩემი მეუღლე ერთად ვუძღვებით მაღაზიას. მე ვუშაობ ძირითადად პროდუქტების მომარაგებაზე, ხოლო ჩემი მეუღლე გაყიდვებსა და მომხმარებლის მომსახურებაზე. მე ისევ ვფირობ ბიზნესის გაფართოებას, ოღონდ ოდნავ სხვა კუთხით. მომხმარებლების მოთხოვნის საფუძველზე ჩემი მაღაზიის გვერდით მინდა ავაშენო საცხობი“ განაცხადა რამინ ლაგვილავამ.

რამინ ლაგვილავა, სოფელი კრწანისი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი